logo
ENG



FIBA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია, რადგან Eurobasket-სთვის დარბაზის მშენებლობა ჭიანურდება

05 დეკ 202113:42
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო Eurobasket 2022-ის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელია, თუმცა, შესაძლოა, თამაშებისთვის სპორტული დარბაზის მშენებლობის დასრულება ვერ მოესწროს.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილ ნოვაკმა ამ ფაქტის გამო უკმაყოფილება და შეშფოთება გამოთქვა. 

ნოვაკი FIBA-ს დელეგაციასთან ერთად საქართველოს სტუმრობს. მათი მიზანი საქართველოს Eurobasket 2022-ისთვის მზადყოფნის შემოწმებაა. 

"ახლახან შევხვდით საქართველოს პრემიერმინსტრს. დაგვარწმუნეს, რომ ამ პროცესს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს. სიმართლე ვთქვა, შეშფოთებული ვარ. აქ ბოლოს 2021 წლის მარტში ვიყავი. დრო გადის. მშენებლობის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ შენობის სახურავი ამ დროისთვის დასრულებული უნდა ყოფილიყო. 

გვესმის, რომ თავდაპირველი გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ დარბაზს თებერვლის ფანჯრის სანაკრებო მატჩებისთვის უნდა ემასპინძლა, უკვე არარეალურია. ახალი მიზანი ივნისი-ივლისის ფანჯარაა, აქ ყველაფერი მზად უნდა იყოს, რათა თამაშები სატესტო ტურნირზე ჩატარდეს. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რაც ვნახე, ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. უნდა წინ წავიწიოთ და დავასრულოთ საქმე".- თქვა კამილ ნოვაკმა

საკალათბურთო დარბაზი კომპანია "საბა კონსტრაქშენმა" უნდა ააშენოს.

ევროპული საქართველოს წევრი, ბესო დონაძე ამბობს, რომ მშენებლობის გაჭიანურების მიზეზი კორუფციული გარიგებებია. 

"2020 წელს პრემიერმინისტრი და მთავრობის სხვა წევრები გვიმტკიცებდნენ, რომ ამ სპორტის სასახლის მშენებლობა უნდა განხორციელდეს დაჩქარებული წესით და ამიტომ ტენდერზე დროს ვერ დავხარჯავთო. გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი გამარტივებული შესყიდვით გაკეთებულიყო. კონტაქტი გაუფორმეს "საბა კონსტრაქშენს". ეს არის ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანია, რადგან მისი დირექტორი, ლევან თარგამაძე მათი კარის ბიზნესმენის, რიჟას [გიორგი კაპანაძე] კომპანიების დირექტორი". - ამბობს დონაძე. 

ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს უნდა ჩატარდეს. 


close დახურვა